ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური წელიწდეული ჰუმანიტარული კვლევები |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘ თინათინ ლეკიაშვილი ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას პოემაში „კაცი მართალი“ ვაჟა–ფშაველას მთელ შემოქმედებას მსჭვალავს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. მისი ნაწარმოებები ნათლად ასახავს პოეტის ღრმა რწმენას, რომელიც განმსაზღვრელია ვაჟას მთელიცხოვრებისა და მოღვაწეობისა. პოეტის ქრისტიანული მრწამსის შესაცნობად საინტერესოაპოემა „კაცი მართალი“, რომელიც 1915 წელს, თავისი ცხოვრების მწუხრის ჟამს დაუწერია ავტორს. ნაწარმოების მთავარი გმირი, „კაცი მართალი“, ვაჟას თქმით, წყაროსავით ანკარაა, არ ახსოვს საკუთარი თავი და მუდამ სხვისთვის შრომობს, მთელ ქონებას სხვას უზიარებს. როცა სოფელს არხეინად სძინავს, ის დარაჯობს ყანებს, მწყემსავს ფარას და ძალ-ღონეს არ იშურებს მოყვასის საკეთილდღეოდ. ვფიქრობთ, შემთხვევითი არ არის, რომ ვაჟა ამ პოემის მთავარ პერსონაჟს სახელს არ არქმევს, განსხვავებით სხვა პოემებისაგან. ეს ადამიანი მართალი კაცია, ზოგადი სახე ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანისა. ის ვაჟას ოცნების პერსონაჟია(როგორც ილიას ლელთ–ღუნია), რომლის მსგავსნი წინათ მრავლად მოიძებნებოდნენ, XIXსაუკუნეში კი თითოოროლაღაშემორჩნენ. რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველ კაცში მანკიერი თვისებები გამრავლდა; სიყვარული ჩაანაცვლა უგრძნობელობამ, გულგრილობამ, რომელიც ყველა მანკზე უფრო საზარელია. გავიხსენოთ პოემა „ბახტრიონის“ XI თავი: „მკვდარია უგრძნობი კაცი უსაზარლესი მკვდარზედა, მით რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი მის წინ რომ აცვან ჯვარზედა... საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა!“ [ვაჟა, 1990:187] ელი ვიზელი შენიშნავს: „სიყვარულის საპირისპირო სიძულვილი კი არა, გულგრილობაა“[church.ge/index.php?showtopic=4067&st=100]. ერთი შეხედვით პოემის სიუჟეტთან არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენ მიერ მოყვანილ ეპიზოდს, თითქოს ამოვარდნილია კონტექსტიდან, მაგრამ სინამდვილეში ვაჟა ამ სიტყვებით თავისი ეპოქის ვითარებას ეხმიანება და ამჟღავნებს პოემა „ბახტრიონის“ დაწერის მიზანს - გადაგვარების გზაზე დამდგარ ერს შეახსენებსთავისგმირულწარსულს.ვაჟასთვის შემზარავია ქართველის ასეთი დაშორებაუფლისგან, მისი სულიერი დეგრადირება.პოეტისთვის სანატრელი, სანთლით საძებარი გამხდარა„მართალი კაცის“ მსგავსი ადამიანი; სწორედ ამიტომ აკვირვებსპერსონაჟის ქცევა გარშემომყოფებს; საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა უანგაროდ გაწიროს თავი მოყვასისათვის. ასეთ კაცს „უმეტესობა გიჟად სთვლის, უმცირესობა ჭკვიანად“[ვაჟა,1990: 661]. საგულისხმოა, რომ სწორედ ასევე უკვირთ ილიას პერსონაჟების, ოთარაანთ ქვრივისა და მისი ვაჟის, გიორგის, საქციელი გაუკუღმართებულ სოფელში. გიორგისაც სხვაზე ისე შესტკივა გული, როგორც საკუთარზე. ეს კი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა იმდროინდელი საზოგადოებისთვის. ხალხი ასე აფასებს გიორგის: „..ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან გამოგზავნილი“.. „..მაგის გულში ან ღვთის მადლი ტრიალებს, ან ერთი უბედურებაა მაგის თავს“[ჭავჭავაძე, 1985: 245]. უმრავლესობა ქმნის საზოგადოებრივ აზრს, თუმცა,პოემის ზემოთმოყვანილი სტრიქონებიიმაზეცმიგვანიშნებს, რომ მთლად არ წამხდარა ქართველის ზნე-ხასიათი, მაინც შემორჩენილან ერთეულები, რომელთაც „მართალი კაცი“ ჭკვიანად მიაჩნიათ და ესმით მისი. ვაჟა არა მხოლოდ ახასიათებს, არამედ მოქმედებაში გვიხატავს თავის პერსონაჟს: „კაცს მართალს ერთი რამ ზნე სჭირს ეს ზნე ყველასთვის ცხადია,– როს ყანა თავთავს დაისხამს ის ხდება ყანის გადია; უნდა იხილოთ მართალი იმ დროს როგორი მარდია..“[ვაჟა, 1990: 662]. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით პოემა „გველისმჭამელი“ გვახსენდება. მართალს მინდიასავით ესმის ბუნების, ისიც ესაუბრება ყანას, თავთავებს, განიცდის ბუნების ტკივილსა თუ სიხარულს, მაგრამ,გველისმჭამელისაგან განსხვავებით,იგი ბოლომდე ინარჩუნებს ღვთისგან მომადლებულ ნიჭს და არ ღალატობს თავის მრწამსს. კონტრასტის შესაქმნელად ვაჟას პოემაში მდიდარი კაციც შემოჰყავს. იგი უდარდელად ცხოვრობს და ამქვეყნად არაფერი ანაღვლებს. მიწაც მოწყალეა მის მიმართ და ცაც. ვაჟამართალსა და მდიდარსერთმანეთს უპირისპირებს, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეს ეპიზოდი გვახსენებს სახარებისეულ იგავს მდიდარ კაცსა და გლახაკ ლაზარეზე. მდიდარი ჯოჯოხეთს იმზადებს საკუთარი ცხოვრებისეული წესით, გლახაკის განუკითხაობითა და მის მიმართ გულგრილობით. ლაზარე კი სასუფეველს იმკვიდრებს თავისი თავმდაბლობით და, სიღარიბის მიუხედავად, უფლისადმი მადლიერებით. პოემაში ვხედავთ, როგორ უსამართლოდ ექცევა მდიდარი მართალ კაცს. სიკეთეს ბოროტებით უხდის და სასიკვდილოდ იმეტებს. ზოგადად,მართლის გარდაუვალი ხვედრია ცილისწამება, უდანაშაულოდ დასჯა. ამ კაცის ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად უფლის, მაცხოვრის, ამქვეყნიურ გზას. ღმერთმა მიწიერი სხეული შეიმოსა და ამსოფლად მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობა დაღუპვისაგან ეხსნა, სამაგიეროდ კი უმძიმესი სასჯელი მიიღო. ნიშანდობლივია, ვაჟას სიტყვებიც: „და როცა მწყემსი იძინებს, იგი ჰმწყსის იმის ფარასა“[ვაჟა, 1990: 661]. მწყემსის ხსენებას მაცხოვართან მივყავართ. იოანეს სახარებაში წერია: „მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის“ [იოანე,X:11]. გარდა ამისა, პოემა იწყება შემდეგი სიტყვებით: „იყო რამ კაცი მართალი, წმინდა ვით წყარო ანკარა“ [ვაჟა,1990: 661]. ანკარა წყარო, წყარო ცხოვრებისა, თავად უფალია. მართალი კაცი უფლის გზას მიჰყვება, ამიტომაც არის მისი ცხოვრება ეკლიანი და ტკივილიანი. გავიხსენოთ ცხრა ნეტარებიდან ერთ–ერთი: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ [მათე,5:10]. როდესაც მართალ კაცს სიკვდილი მიუსაჯეს და სახრჩობელაზე აიყვანეს, ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც გამოესარჩლებოდა; არავის გახსენებია, თუ რამხელა ამაგი ჰქონდა მათზე. მაცხოვრის მსგავსად სასიკვდილოდ გაიმეტეს უდანაშაულო და სხვისთვის მზრუნველი, მოყვასის მოყვარული ადამიანი, მაგრამ ბუნებამ იხსნა კაცთაგან გაწირული. „უფლის სასწაულმა შეაძრწუნა სოფელი. როცა ჯალათმა თოკი შემოაჭდო ყელზე მართალს და ხელი ჰკრა დასახრჩობად , „მიწიდან ყანამ მოხეთქა“ და ბოძად შეუდგა „მართლის მოქანავე სხეულს“, კისრიდან თოკი მოეხსნა, სახრჩობელის ბოძები დაბლა დაემხო, მართლის მტანჯველნი კი უსულოდ დაეცნენ მიწაზე. კაცთა სამსჯავროს მაგიერ ღვთის სამართალი განხორციელდა, რომლის მაგალითებიც ქრისტიანულ ლიტერატურაში უხვდა მოიპოვება“[შარაბიძე,2005:124]. გავიხსენოთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ნეშტი უღმრთოთაი წარწყმდეს, ხოლო ცხოვრებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა“ [ფსალმ. 36: 10]. „ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის; ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაითამცა მოკლა იგი; ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა“ [ფსალმ. 36: 21–28]. ვაჟა-ფშაველას თითოეული პოემა გამორჩეულია რელიგიურ-ფილოსოფიური სიღრმითა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობით. ამ მხრივ, არც „კაცი-მართალია“ გამონაკლისი. მიუხედავად გასაოცარი უბრალოებისა და ხალხურ სასაუბრო მეტყველებასთან მიახლოებული ენისა, ვაჟა გენიოსისთვის ჩვეული ოსტატობით ახერხებს, პასუხი გასცეს ყველა დროის მარადიულ კითხვებს - რა არის ცხოვრების საზრისი? რატომ მოვიდა ადამიანი ამქვეყნად? რა არის მისი დანიშნულება? პოეტმა კაცი მართალის სახით დაგვიხატა იდეალი ჭეშმარიტი ქრისტიანისა, ღვთივსათნო ადამიანისა. როგორც ვხედავთ, პოემა „კაცი მართალი“ სრულად გამოხატავს ვაჟა-ფშაველას ქრისტიანულ იდეალს და გვეხმარება მისი მსოფლმხედველობის ანალიზში.
გამოყენებული ლიტერატურა:
|